ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი პარტია შევიდა

108
spot_img

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი კოლონა – 33 სატვირთო მანქანა – შევიდა, მას შემდეგ, რაც რეგიონში დახმარების მიწოდება განახლდა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ეგვიპტესთან რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი 33 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა და ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები, წყალი და მედიკამენტები ჩაუტანა.

21 ოქტომბერს მიწოდების განახლების შემდეგ რაფაჰის გავლით ღაზაში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა. როგორც გაერო აცხადებს, ეს ძალიან ცოტაა: ღაზას გაცილებით დიდი რაოდენობით სასწრაფოდ სჭირდება საკვები, მედიკამენტები და საწვავი საავადმყოფოებისთვის.

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორი ბლოკადაში მოაქცია და ელექტროენერგიის, საკვებისა და წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ამ მოვლენებამდე ყოველდღიურად ღაზაში 500-მდე სატვირთო მანქანა შედიოდა ჰუმანიტარული დახმარებისა და კომერციული ტვირთის სახით.

სააგენტო AFP, აშშ-ის ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, რომელიც აკონტროლებს ტვირთების გადაზიდვას ღაზაში, მათ შორის ეგვიპტის მხრიდანაც, პირობა დადო, რომ ყოველდღიურად ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარების 100 სატვირთო მანქანას შეუშვებს, რაც გაეროს წარმომადგენელთა აზრით, უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მოსახლეობის მხოლოდ ყველაზე მინიმალურ საჭიროებებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.