“გასულ წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა”

25
spot_img
რაც შეეხება ტურიზმს და ავიაციას, წელს ძალიან წარმატებული გამოფენა მოეწყო ბერლინში, სადაც მოგეხსენებათ, რომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 200 ათასამდე სტუმარს 160-ზე მეტი ქვეყნიდან ჰქონდა საშუალება, რომ გასცნობოდა  საქართველოს მიღწევებს ტურიზმის მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ  ძალიან წარმატებულად ჩაატარა  ეს გამოფენა.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად,  2012 წელთან შედარებით (1.4 მილიარდი დოლარი) გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შარშან გვქონდა 3.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს  უკვე  სამ კვარტალში გვაქვს  3.3 მილიარდი დოლარი, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 1,4 მილიონ მგზავრს; წელს, არსებული გათვლებით, 6.6 მილიონ   მოგზაურს ვუმასპინძლებთ და 4.4 მილიარდ დოლარის შემოსავალს მივიღებთ, აი ამხელა ზრდა გვაქვს ტურიზმშიც ბოლო 11 წელიწადში”,  –  აღნიშნა პრემიერმა.