“გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ხდება ანაკლიის პორტის თემის პოლიტიზირება”-ლევან დავითაშვილი

27
spot_img

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიზების გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არ ხდება. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. ანაკლიის პროექტთან მიმართებით დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პოლიტიზების მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემია.

„ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული პროექტი, რადგან ტრანსპორტი, დაკავშირებადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენს ეკონომიკაში. ზოგადად, ეს სექტორები უდიდეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ზოგადად ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად, ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, დავითაშვილმა ისაუბრა ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებზეც.

„იყო თავის დროზე საუბარი, პირველ ეტაპზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი და, სამწუხაროდ, ეს ვერ განხორციელდა მაშინ. მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის ჩინეთის და არამხოლოდ ჩინეთის. ირანზე იყო საუბარი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, დღესაც ცალსახად მხოლოდ პოლიტიზებულია პროცესი და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან, ეფექტიანობასა და ეფექტურობასთან.

ახლა რაც შეეხება კომპანიას, ამაზე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება. გვქონდა პრესკონფერენცია სამინისტროში, სადაც დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას. ამის შემდეგ იყო ასევე მისკომუნიკაცია, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია კომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებით. შემდგომში თქვენ მოისმინეთ ჩინეთის ელჩის განმარტებები. ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია, კონსორციუმის ერთ-ერთი წევრი. კონსორციუმში ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და მოიაზრება, რომ, ჯამში, პროექტის განვითარების პირობებში დამატებით კონსორციუმს შეემატება სხვა კომპანიებიც, რომლებიც დამატებით წვლილს შეიტანენ პროექტის კონკურენტუნარიანობაში. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ გასავლელი გვაქვს მნიშვნელოვანი სამუშაოები. ეს იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურები, როდესაც ჩვენ გვექნება დიალოგი პრეტენდენტთან, ვიდრე საბოლოოდ მოხდება პარტნიორთა შორის შეთანხმების გაფორმება, როგორც პრემიერმაც აღნიშნა. ამიტომ დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ამ პროცესში ჩვენ ჩართული გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ჩინური კომპანია შედის მსოფლიოს 500 ყველაზე წამყვან მსხვილ კომპანიას შორის და ერთ-ერთია, რომელსაც საქართველოში პროექტის თავისუფლად განხორციელების საშუალება აქვს.

„ასევე, მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება აქვს მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში. მას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული აშშ-ის ორი უწყების მხრიდან – ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს კონკრეტული ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან, სხვა არაფერი. კომპანიას ამავე დროს არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციებს, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი; მეორე იყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ე.წ. თრეჟერი დეპარტამენტის კონკრეტული მოთხოვნები, რომ ობლიგაციებში საჯაროდ ვაჭრობისას ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების შემთხვევაში საჭიროა ამ უწყების კონკრეტული თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.