გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება – მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის

23
spot_img

ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება – მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, გარეთ უორდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება.

საელჩოში განმარტავენ, რომ საქართველოში 4 -წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

„გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს.

მისი სრული სახელი გარეთ ედუარდ უორდია.

მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

2022 – 2024 წლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი;

2018 -2022 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი ვიეტნამში;

2017 წელი- უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია;

2014-2017 წლებში გარეთ უორდი იყო გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO) დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი;

2010 -2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული სანკტ-პეტერბურგში;

2007-2010 წლებში იკავებდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივნის თანამდებობას, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინში;

2002-2006 წლებში იყო ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO);

1998 – 2002 იკავებდა მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში მეორე პოლიტიკური მდივანის თანამდებობას”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.