გარდაცვლილია საპატრიარქოს დამლაგებელი, რომელიც მეუფე შიოს სამუშაო ოთახსაც ალაგებდა

645
spot_img

“კურიერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილია საპატრიარქოს დამლაგებელი, რომელიც მეუფე შიოს სამუშაო ოთახსაც ალაგებდა. ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

“რუსთავი 2-სთვის” ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

საუბარია სისხლში აღმოჩენილ მძიმე მეტალებზე, მათ შორის დარიშხანზე, რომელიც მომაკვდინებელ საწამლავ საშუალებად ითვლება.

მოწამლეს თუ მოიწამლა – ახლა ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც. პასუხი ამ კითხვაზე ასევე დამოკიდებულია იმ სამედიცინო დასკვნაზეც, რომელიც უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდეს. საპატრიარქო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე თავს იკავებდა, თუმცა ეკლესიაში ახლა, ახალი საგამოძიებო მოქმედებები იწყება.

მეორე დღეა, მთელი საქართველო ელოდება ცნობას პატრიარქის მოსაყდრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ბოლო ერთი თვეა თავს უკიდურესად ცუდად გრძნობს.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო. განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა მუხლი შესაძლოა გამოძიების შედეგების მიხედვით გადაკვალიფიცირდეს.

რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მისი ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ უკვე გადასვენებულია საპატრიარქოში.