გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

15
spot_img

CNN-ს ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.

“მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას,” – ამბობს გუტერეში.
The Times of Israel-ის ცნობით კი, ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩაინიშნა.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხონით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა. წერილში ერდანმა საბჭოს სთხოვა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

ცნობისთვის, მანამდე გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და “საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.”