ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, სამიტის პირველი დღე უკრაინაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ერთობლივი განცხადების მიღებით დაასრულეს.
სამიტის დასკვნით დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭო აღიარებს უკრაინის არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად.
„ევროპული საბჭო მოუწოდებს უკრაინას გააგრძელოს რეფორმების გზა. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან და მხარს უჭერს მის ძალისხმევას, რათა სრულად დააკმაყოფილოს ყველა პირობა. ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვას რესპუბლიკის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად მის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში და ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევაში. ევროპული საბჭო აღიარებს მოლდოვას რესპუბლიკის ვალდებულებას და არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად. ევროპული საბჭო მიესალმება ახლახან წარმოდგენილ მხარდაჭერის პაკეტს და სამოქალაქო ევროკავშირის პარტნიორობის მისიის დაწყებას. ევროპული საბჭო მადლობას უხდის მოლდოვას რესპუბლიკას ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრის წარმატებით ორგანიზებისთვის, რომელიც 2023 წლის 1 ივნისს გაიმართა.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას და ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძლიერ ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისა და ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მზად არიან პარტნიორებთან ერთად წვლილი შეიტანონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მომავალი ვალდებულებებში, რაც დაეხმარება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას თავი, შეაჩეროს აგრესიის აქტები და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის მცდელობებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოკლე ვადებში განიხილავენ ამ წვლილის მოდალობას. ამ ვალდებულებების აღება მოხდება გარკვეული წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემითა და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.