,,ევროპული როუმინგის სისტემაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდება ”- კობახიძის ვიზიტის პირველი შედეგი

34
spot_img

ევროპული როუმინგის სისტემაში საქართველოს ინტეგრაცია უნდა მოხდეს – აღნიშნულის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპულ როუმინგში საქართველოს ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებს.

„ყველაფერი გვაქვს განკარგულებაში, რომ საბჭოს მივაწოდოთ წინადადება, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ როუმინგის სისტემაში. როუმინგი არის ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები და ანგარიშსწორების სისტემა არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ.

ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და მონაცემთა გაცვლის ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი“, – აცხადებს ევროკომისარი.

შეგახსენებთ, ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება.