,,ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით”- სალომე ზურაბიშვილი

30
spot_img

ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა.

“საქართველოსთვის ამ [ევროპული] გზის გაგრძელებაში, ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში, ამ ჰორიზონტამდე სიარულში, რომ ეს რეალობა გახდეს, ქვეყანა შეიცვალოს და იყოს არა პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა, როგორც უყვართ ხოლმე ჯერ კიდევ თქმა ზოგიერთ გამოცემაში, არამედ რეალური ევროპული წევრი, ამ ყველაფრისთვის ერთი უზარმაზარი გამოწვევაა – რუსეთი.

და რუსეთია, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. კი, ვიცოდით, გამოცდილება გვაქვს და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა, რას ნიშნავს შენთან ისევ და ისევ ხდებოდეს რუსეთის სხვადასხვა ფორმებისა და რეჟიმების შემოჭრა, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია.

ამ [ევროპულ] გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. და ეს არის ყველა ევროპელის, ყველა დასავლური ძალის საერთო მცდელობები, მათ შორის ამერიკელების. ეს არის მთავარი მიზანი ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი არ აღიარებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ერთი ერი, სხვა ერების საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ გააგრძელებს იმის ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს, ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია, მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება”, – დასძინა პრეზიდენტმა.