“ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ვეხმარებით საქართველოს, რათა სასჯელაღსრულების სისტემაში დაიხვეწოს სტანდარტები” – ნატალია ვუტოვა

92
spot_img

ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ვეხმარებით საქართველოს სახელმწიფოს, რათა სასჯელაღსრულების სისტემაში დაიხვეწოს სტანდარტები. ჩვენი მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა ტრენინგი, სწავლება, რათა კვლავაც გაუმჯობესდეს სარეაბილიტაციო პროცესები და პროგრამები, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ევროპის საბჭოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მინდა, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა გამოვხატო ჩვენი ორგანიზაციის სახელით და მივმართო პრემიერ-მინისტრს და სახელმწიფოს წარმომადგენლობას მათი დაუღალავი მცდელობისთვის, რათა გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში. უამრავი ინოვაცია დაინერგა და კვლავაც დაინერგება. მადლობა ამ ძალისხმევისთვის და ამ სულისკვეთებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა გაუმჯობესდეს სარეაბილიტაციო პროგრამები და პროცესები პატიმართათვის. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობა ევროპის საბჭოს მიმართულებით. ვმუშაობთ, არაერთი პროექტი განხორციელდა პროფესიული გადამზადების მიმართულებით და პრობაციონერთათვის.

რაც შეეხება საქართველოს საზოგადოებას, საზოგადოება უნდა ამაყობდეს, ვინაიდან უამრავი პროფესიონალია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეს სისტემა. ჩვენ, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, ვეხმარებით საქართველოს სახელმწიფოს, რათა დაიხვეწოს სტანდარტები. ჩვენი მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა ტრენინგი, სწავლება, რათა კვლავაც გაუმჯობესდეს სარეაბილიტაციო პროცესები და პროგრამები. არსებობს კანონმდებლობა, ინსტრუქციები, საუკეთესო პრაქტიკა, სასწავლო პროგრამები.

ევროპის საბჭოს სახელით, მინდა, მოგახსენოთ, მივმართავ საქართველოს მთავრობას, ასევე, მუნიციპალიტეტს, ჩვენს პარტნიორებს, გამოვიყენოთ ეს ფანტასტიკური შესაძლებლობა, უფრო მეტად დავნერგოთ ქცევითი მეცნიერება. ეს კონფერენცია არის ძალიან დიდი შანსი იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით გავაუმჯობესოთ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, შევცვალოთ ეს ლანდშაფტი უკეთესობისკენ, რათა შედეგები იყოს მდგრადი, და ეს შედეგები სასიკეთო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიან სასჯელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დისკუსია იქნება ძალიან საინტერესო, მოუთმენლად ველი ამ მსჯელობებსა და განხილვებს“, – აღნიშნა ნატალია ვუტოვამ.

თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ მასპინძლობს. ღონისძიება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა, ივან მალენიკამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, EuroPris-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გუსტავ ტალვინგმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, საბინე მახლმა.