“ევროპელ კოლეგებთან ამაზე არაერთი წელი გვექნება მუშაობა” – გურამ მაჭარაშვილი

56
spot_img

პირობები და დათქმები, თავისთავად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე გვექნება არაერთი წელი მუშაობა, სტატუსის მიღების შემდეგ ერთი და ორი წელი კი არა, ზოგ ქვეყანას ვიცით, 5 და ზოგს 10 წელი სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „თურმე შესაძლებელი ყოფილა ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსების, მშვიდობის, თავმოყვარეობის შენარჩუნებით მივიღოთ სტატუსი“.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც ირჩევს ევროპასაც და ევროპულ ხელისუფლებასაც.

მაჭარაშვილის განცხადებით, რომ ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ბევრი პოზიტიური ნაბიჯი, თუმცა, სამომავლოდ კვლავ ექნებათ კონსულტაციები ევროპელ კოლეგებთან.

„დათქმებთან და პირობებთან დაკავშირებით ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ევროპელებმა დაინახეს ის, რომ რაც ცალმხრივად არ შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, დეპოლარიზაცია, ეს ბუნებრივია ვერ იქნება მოთხოვნილი. ამის გათვალისწინებით მიიღეს სწორედ პოზიტიური გადაწყვეტილება. რაც შეეხება დანარჩენ დათქმებს, არსებობს შესაბამისი უწყებები პარლამენტში თუ მთავრობაში, საგარეო გუნდთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად თითოეულ ამ დათქმაზე იქნება კონსულტაციები და მაქსიმალურად შესრულდება. მთავარია, ევროპამ დაინახა, რომ საქართველოში არის ქართული ხელისუფლება, რომელსაც უნდა ევროინტეგრაცია, მიუხედავად დაბრკოლებებისა, რომელსაც გვიქმნის რადიკალური ოპოზიცია, პრეზიდენტი და გარე უცხოური ძალები. ეს პირობები და დათქმები თავისთავად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე გვექნება არაერთი წელი მუშაობა, რადგან იცით, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ერთი და ორი წელი არ არის, ზოგ ქვეყანას ვიცით, 5 და ზოგს 10 წელი სჭირდება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, მაშინ, როცა დათქმების შესრულება საჭიროა მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის, რატომ სჭირდებათ დათქმების შესრულებისთვის მრავალი წელი, როცა მაგალითად, უკრაინამ და მოლდოვამ ეს წელიწადნახევარში შეძლო, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც ბევრი მაჩვენებლით უსწრებს, ხოლო რამდენ ხანშია შესაძლებელი დათქმების შესრულება, ამას ვერ უპასუხებს ვერც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი.

„მაგას ვერ გიპასუხებთ ვერც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, რადგან ევროკავშირს აქვს ეს პოზიცია, რომ მოლაპარაკებების დაწყება იქნება თუ დაწყების შემდეგ ამ პირობების შესრულება, ეს დამოკიდებულია ურთიერთობაზე და იმაზე, თუ რომელი სახელმწიფო როგორ მოიქცევა. მაგრამ მთავარი აქ რა არის – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირიდან არის სიგნალი, რომ საქართველოში არის ქართული ხელისუფლება, რომელსაც უნდა ევროპა და არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს ევროპასაც და ევროპულ ხელისუფლებასაც. ამის შემდეგ თუ კიდევ ექნება ხელშეშლა ოპოზიციას, ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ და მივყვებით პირობებს, რაც ექნება ევროკავშირს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.