“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრივილეგია აქვს” – ვახტანგ მაისაია

124
spot_img

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრივილეგია აქვს”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრივილეგიებს შორისაა ფინანსური დახმარება, უსაფრთხოების პირობებისა და საქართველოს საერთაშორისო წონის გაზრდა.

“საქართველოს, ჩვენს ხალხს პირველ ეტაპზე არსებულ გამარჯვებას ვულოცავ. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ რეკომენდაცია მოგვცა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. თუმცაღა, ამ გადაწყვეტილებას უკვე ევროკავშირის სამიტი 14-15 დეკემბერს მიიღებს. ამ სამიტზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნული რეკომენდაცია რეალურ საქმედ რამდენად გადაიქცევა. 27 სახელმწიფოდან თუ ერთმა მაინც თავი შეიკავა, გადაწყვეტილება შეიძლება, მიღებული არ იყოს. ამიტომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მიღებულ გადაწყვეტილებას დაველოდოთ და შემდეგ ოფიციალურად შეგვიძლია, ვიზეიმოთ და ვთქვათ, რომ წინ, ევროპისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულები დავრჩით. მინდა, აღნიშნული დიდი გამარჯვება ყველას მივულოცო: ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, მასმედიას, არასამთავრობო სექტორს, ჩვენს დედა ეკლესიას.

მინდა, გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებული, ფორმალური ფაქტი არ არის, ეს არის იმ მრავალმილიონიანი ევროს პროექტების განხორციელება, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს, რათა საქართველო იმისათვის მოამზადოს, რომ ჩვენ უფრო მაღალ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დონეზე გადავიდეთ, რომელიც უკვე გაწევრიანების პროცესს შეეხება.
მოგეხსენებათ, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა რეკომენდაცია, რომ ისინი ამ დონეზე გადავიდნენ და კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყონ, სავარაუდოდ, როდესაც ევროკავშირის მომავალი გაფართოება მოხდება, იმ გაფართოების ტალღაში მოხვდნენ. იმედია, რომ მოლდოვას და უკრაინას საქართველოც დაეწევა და როგორც იტყვიან, ალიანსური ტრიო ერთიანი ევროპის შემადგენელი გავხდებით. ამის საფუძველი ის ეკონომიკური, სოციალური და იმედია, ფინანსური წარმატებები იქნება, რომელსაც საქართველო ამ პერიოდისთვის მიაღწევს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრივილეგია აქვს. პირველი პრივილეგია უკვე გითხარით, ესაა სერიოზული ფინანსური დახმარება გრანტების და კრედიტების სახით, რომელსაც ევროკავშირი ამ სტატუსის მქონე სახელმწიფოებისთვის გამოყოფს. საუბარია დაახლოებით 200-დან 400 მილიონამდე ევროზე, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი თანხა და მნიშვნელოვანი გარემოებაა.
მეორე პრივილეგია – ჩვენი უსაფრთხოების პირობები იზრდება. ევროკავშირი ერთგვარად უსაფრთხოების პირობების შემქმნელი გახდება.
მინდა, გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელიც კირბალში მოხდა. ესაა ტრაგიკული პროვოკაცია, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს. მინდა, მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს ღრმა მწუხარება გამოვუცხადო და უკანონოდ დაკავებული ქართველის, ლევან დოთაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება მოვითხოვოთ. მინდა, გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსი ასეთი ტრაგიკული მოვლენების შემამცირებელი, თავიდან აცილების გარემოებაა.
მესამე პრივილეგია საერთაშორისო ურთიერთობების პროცესების განვითარების ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო წონის გაზრდაა.
კიდევ ერთი მომენტი ისაა, რომ ჩვენ მეოთხე კუთხით ჩვენი კონსტიტუციური პროვილეგიის სრულად აღსრულებას ვახდენთ.

ეს საერთო ეროვნული წარმატებაა. თუმცაღა, სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და დაველოდოთ, ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა, წევრი სახელმწიფოს ლიდერები 1 თვის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. შემდეგ იმის საშუალება გვექნება, რომ ერთიანი ძალისხმევით ის ნაბიჯები განვახორციელოთ, რომელიც გაფართოების ტალღის პირობებამდე მიგვიყვანს, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ევროკავშირმა თავის კომუნიკეში იმ 9 რეკომენდაციის აღსრულების აუცილებლობაზე აღნიშნა, რომელიც ახლა ჩვენ წინაშე დგას.

ეს მართლა დიდი წარმატებაა. იმედია, ანალოგიური ნაბიჯით სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით , ანუ ნატო-ს მიმართულებითაც გაგრძელდება. ესეც ჩვენი კონსტიტუციური პრივილეგიაა.

ასეთი ერთიანობით, ერთიანი სულისკვეთებით შევძლებთ, კეთილდღეობის, სტაბილურობისა და პოლიტიკური მშვიდობის სიმბოლოების მქონე სახელმწიფო გავხდეთ”- განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.