“ევროპარლამენტში აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება” – ნიკოლოზ სამხარაძე

12
spot_img

ევროპარლამენტში აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება, ანუ ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები, მცდელობაა, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რათა მან შეიწყალოს სააკაშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთვარობის დაუკითხავად კიდევ ერთხელ გაემგზავრა, აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ უნდა შეიწყალოს სააკაშვილი.

„მინდა, გამოვეხმაურო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელზეც, მიუხედავად ათასი დეზინფორმაციული ხასიათის კამპანიისა, თითქოს საქართველო არ მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, ჩვენ ვიყავით წარმოდგენილი საკმაოდ მაღალი დონით. ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბევრი ქვეყანა სწორედ ამ რანგში იყო წარმოდგენილი. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ უნდა შეიწყალოს სააკაშვილი.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის გარდაცვალების ფაქტს. სურთ, რომ ამაში პარალელები გაავლონ. ანუ, ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები და კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რათა მან შეიწყალოს სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.