“ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები უკრაინას უსიამოვნებებს უმზადებს”-The Spectator

28
spot_img

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები უკრაინას უსიამოვნებებს უმზადებს“ (ავტორი – დელიბორ როხასი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია ის სავარაუდო სიტუაცია, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს მოჰყვება როგორც ევროკავშირისათვის, ასევე კონკრეტულად საფრანგეთისთვის, გერმანიისათვის და უკრაინისათვის.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

ახალი ამბების კაკაფონიაში ევროპული არჩევნების შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, მხოლოდ ერთი თემა დომინირებს: საფრანგეთისა და გერმანიის – ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფოების – მოქმედი ხელმძღვანელების დამარცხება.

მართალია, მათი პარტიების დაბალი შედეგები პროგნოზებით სრულიად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა, როცა რეალური შედეგები უკვე ცნობილია, პრობლემა ისაა, რომ მათი დასუსტებით ევროპაც დასუსტდება და უღონო გახდება რუსეთის წინაშე, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩაბმული.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა უკვე მოახდინა რეაგირება თავისი პარტიის „აღორძინების“ დაბალ შედეგებზე და 30 ივნისს ეროვნული კრების (პარლამენტის) ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე ორი კვირით ადრე გაიმართება.

ფრანგი პრეზიდენტის გადაწყვეტილების ლოგიკა მარტივია: უკეთესი იქნება ჟორდან ბადრელის (მარინ ლე პენის) „ეროვნულ გაერთიანებას“ ახლა, საპარლამენტო არჩევნებში შეებრძოლოს, ვიდრე 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. იმის გამო, რომ ამომრჩევლების მონაწილეობის დონე მაღალია, ასევე ფრანგული საარჩევნო სისტემის თავისებურების მიზეზით, რომლის თანახმად, სკანდალური და ექსტრემისტულად განწყობილი კანდიდატები პოპულარობით არ სარგებლობენ, ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ მისი ორი სავარაუდო სცენარიდან ერთ-ერთი მაინც გაამართლებს:

პირველი სცენარის მიხედვით, ყველა დაინახავს, რომ ნაციონალისტების ტრიუმფი მხოლოდ შემთხვევითი, ერთჯერადი მოვლენა იყო, მაგრამ არა კანონზომიერი მოვლენა, რომელიც შეიძლება საერთოეროვნულ არჩევნებშიც განმეორდეს.

მეორე სცენარის თანახმად, ნაციონალისტები საკუთარ არათანადროულ წარმატებას მსხვერპლად შეეწირებიან – მათ მოუწევთ მთავრობას უხელმძღვანელონ ან შევიდნენ მმართველ კოალიციაში ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით. ასეთ სიტუაციაში მათთვის რთული იქნება მონაწილეობა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ „დაბომბვაში“ და „ტერორში“, ან დაგმონ ემანუელ მაკრონის მემკვიდრეობა და მისი მოქმედება, როცა პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის დრო მოახლოვდება.

მაგრამ ეს გეგმა წინააღმდეგობაში მოდის ემანუელ მაკრონის სწრაფვასთან გახდეს საერთოევროპული ლიდერი ამ რთულ და სახიფათო დროში. უკეთეს შემთხვევაში მისი პარტია უზრუნველყოფს იმდენი ხმების მიღებას, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობა კი არ იქნება პარლამენტში, არამედ იმდენი, რამდენიც ახლა აქვს. უარეს შემთხვევაში კი „ეროვნული გაერთიანების“ პოლიტიკოსები ხელმძღვანელ პოსტებს დაიკავებენ მეხუთე რესპუბლიკის ახალ მინისტრთა კაბინეტში.
ალბათ, არსებობს შუალედური სცენარებიც, რომლებშიც გათვალისწინებულია ვაჭრობა და კომპრომისები იმ ძალებს შორის, რომლებსაც უკრაინის გამარჯვება სურთ და იმ ძალებს, რომლებიც დიდი ხანია რუსეთს ეთამაშებიან. მართალია, საფრანგეთის კონსტიტუცია პატივს სცემს და იცავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მაგრამ თუ მას მმართველი უმრავლესობა არ ეყოლება, ეს ემანუელ მაკრონის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე დაასუსტებს.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედეგები (13,9% ანუ 14 ადგილი 96-დან, რომლებიც გერმანულ პარტიებს უკავიათ) მაინცდამაინც კატასტროფულად არ გამოიყურება, ვთქვათ, წინა, 2019 წლის არჩევნებთან შედარებით, როცა მას 16 ადგილი ჰქონდა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აშკარად შეინიშნება მიღებული ადგილების კლებადი ტენდენცია: 2014 წლის არჩევნებში გერმანელ სოციალ-დემოკრატებს 27 ადგილი ჰქონდათ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში.

კიდევ უფრო შეუწყნარებელი და აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ ოლაფ შოლცის პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ჩამორჩა პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ მიღებულ ხმებს, რომელსაც ექსტრემისტულად თვლიან – აბუ უფრო რადიკალურად, ვიდრე მარინ ლე პენის ფრანგულ „ეროვნულ გაერთიანებას“.
თუ გავითვალისწინებთ „მწვანეების“ კატასტროფულ მარცხს, რომლებიც ოლაფ შოლცის კოალიციურ მთავრობაში შედიან, მაშინ აშკარა ხდება, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა კანცლერ ოლაფ შოლცს „კოჭლი იხვის“ სტატუსი შესძინა უკვე ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2025 წელს უნდა ჩატარდეს. როცა არჩევნები მოახლოვდება, იმ დროისათვის გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები სოციალ-დემოკრატებს „კისერს მოუგრეხენ“, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, ფრიდრიც მერცი მხოლოდ სიტყვით უჭერს მხარს ნატოს და უკრაინას.

ვადამდელმა არჩევნებმა, საფრანგეთის მსგავსად, შეიძლება ატმოსფერო განმუხტოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გერმანული პოლიტიკური კულტურის სპეციფიკას, მათი ჩატარება ნაკლებსავარაუდოა. ამრიგად, გერმანიის მთავრობა მომდევნო 16 თვის განმავლობაში მოსიარულე მკვდარი“ იქნება, უუნარო და უინიციატივო, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განმტკიცებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ახალ ეპოქაში, როცა ხისტი ძალა ისევ მნიშვნელოვანი ხდება.

რუსეთი სამჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს ამზადებს, ვიდრე დასავლეთის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული. არავის არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ ოლაფ შოლცი ან ემანუელ მაკრონი შეძლებენ საკმარისი თანხების გამოყოფას შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების პრობლემის მოგვარებისათვის. აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ (61 მლრდ. დოლარის ოდენობით), რა თქმა უნდა, გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის აშშ-ის მიერ კიევისათვის გაწეულ უკანასკნელ დახმარებად იქცეს.

კიდევ უფრო უარესი იქნება დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება 2024 წლის ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ყველაზე მნიშვნელოვანია სავარაუდო გარიგების დადება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ევროპელებისა და უკრაინელების გვერდის ავლით.

გერმანელმა „მშვიდობის კანცლერმა“ ოლაფ შოლცმა ასეთ ნაბიჯს შეიძლება მხარიც კი დაუჭიროს. ემანუელ მაკრონი პრინციპული წინააღმდეგი იქნება, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს – იმიტომ, რომ მთავრობაში და პარლამენტში (ეროვნულ კრებაში) უმეტესობა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ წევრები იქნებიან.

ევროპული არჩევნების შედეგები ბევრმა შეიძლება მნიშვნელოვან მოვლენად არ ჩათვალოს – ბოლოსდაბოლოს, ევროკომისია იმავე ცენტრისტული ევროპული კოალიციის ხელში რჩება, რომელსაც, დიდი ალბათობით, ისევ ურსულა ფონ დელ ლაიენი უხელმძღვანელებს. მაგრამ ასეთი დასკვნა შეცდომა იქნებოდა. ევროკავშირის მოჩვენებითი სტაბილურობა მალავს მრავალრიცხოვან და ძალიან მნიშვნელოვან პერტურბაციებს ეროვნულ დონეზე. უპირველესად, ეს გამოიხატება ევროპული პოლიტიკის ორი მთავარი ლოკომოტივის – პარიზისა და ბერლინის – მკვეთრ დასუსტებაში. ევროპელებს და განსაკუთრებით უკრაინელებს მოსალოდნელი შედეგები ნამდვილად არ ესიამოვნებათ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: