ევროპა უნდა მოემზადოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-მა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
„ყველამ მოისმინა ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის განცხადებები. მე არ შევწყვეტ ყველა ლიდერის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენი ალიანსი მუშაობს ყველას, მათ შორის, აშშ-ის სასარგებლოდ. თუმცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ევროპელების მოსამზადებლად, რათა მოემზადონ იმ შოკის მომგვრელი სცენარისთვის, რომელიც შესანიშნავად აღწერა აშშ-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ პერიოდის განმავლობაში, რათა გავაანალიზოთ მომავალი, კერძოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა სეჟურნემ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ისინი მზად უნდა იყვნენ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის, რადგან რუსეთი ამით ევროპის ერთიანობის განადგურებას ცდილობს.
ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის ნებისმიერი სამხედრო კამპანია რაფაჰში „გაუმართლებელი“ იქნება და კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.