“ევროპა დაბნეულია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტის მოწოდებების ფონზე”-Politico

325
spot_img

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი – ბელგიაში, ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპა დაბნეულია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტის მოწოდებების ფონზე“ (ავტორები – ნიკოლას ვინოკური და ჯაკომო ვარიგაცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ მალავს თავის გეგმას უკრაინაზე ზეწოლის გასაგრძელებლად მანამდე, სანამ დასავლეთის სიმტკიცე არ შესუსტდება. უკვე 500 დღეზე მეტი გავიდა მოსკოვის მიერ აგრესიული ომის დაწყებიდან და ახლა უკვე არის იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ: ყველაფერი ისე მიდის, როგორც კრემლი იმედოვნებდა და შეიძლება უფრო უკეთესადაც, ვიდრე ამას ვლადიმერ პუტინი წარმოიდგენდა.

პოლონეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების მთავრობები ყველაზე მეტ ერთგულებას ამჟღავნებენ უკრაინის მიმართ, რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან. შეიარაღების მიწოდებისა და მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის მიღების გარდა, ისინი იყვნენ და არიან უკრაინის ყველაზე მტკიცე დასავლელი მოკავშირეები და მხარს უჭერენ მკაცრი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას, საფრანგეთისა და გერმანიისაგან განსხვავებით.
მაგრამ იმის კვალობაზე, რომ უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები და მთავრობები არჩევნებთან – ანუ ხელისუფლების შენარჩუნებასთან – დაკავშირებული საკითხებისა და სხვა შიდა პრობლემების წინაშე დგანან, აგრეთვე იმის გამოც, რომ გაურკვეველია რა მოჰყვება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, კიევისადმი მათი მხარდაჭერა გარკვეულწილად დასუსტებას იწყებს.

ამ მხრივ ყველაზე ნათელ მაგალითს პოლონეთი წარმოადგენს., რომლის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას შეუმცირებს და, ალბათ, შეუწყვეტს კიდეც. ამ განცხადებამ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ და კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული დავა კიევსა და ვარშავას შორის, რომელიც უკრაინული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოიქმნა – ვარშავას, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, არს სურს იაფი უკრაინული ხორბალი თავის შიდა ბაზარზე შეიტანოს და საკუთარი ფერმერები (ანუ პოტენციური ამომრჩევლები) დააზარალოს. პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
„უკრაინა აცნობიერებს, რომ ბოლო თვეებში მას საქმე პოლონეთის მთავრობასთან კი არ აქვს, არამედ პოლონეთის არჩევნებთან“, – ამბობს ივან კრასტევი, სოფიაში (ბულგარეთში) არსებული ლიბერალური სტრატეგიის ცენტრის დირექტორი, – „ასე რომ, ამ ეტაპზე პოლონეთის მთავრობისათვის ასი ათასი პოლონელი ფერმერის ხმა უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, თუ როგორ შემოუტრიალდება ეს ყველაფერი უკრაინას. ასეთ მოვლენებს ჩვენ მალე სხვა ქვეყნებშიც შევამჩნევთ“.
პოლონეთის მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiS) და მისი ლიდერი – იაროსლავ კაჩინსკი, აგრეთვე ამავე პარტიის წევრები პრემიერი მათეუშ მორავეცკი და პრეზიდენტი ანჯეი დუდა მკაცრი გამოწვევის ზეწოლას განიცდიან ოპოზიციისაგან, ყოფილი პრემიერისაგან დონალდ ტუსკისაგან, რომელსაც 2019 წლამდე ევროსაბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტის) პოსტიც ჰქონდა დაკავებული. თავისი წინასაარჩევნო სტრატეგიის ჩარჩოებში მმართველი პარტია, პრემიერ მათეუშ მორავეცკის პირით, ოპოზიციას ამშვიდებს და პასუხობს, რომ „ჩვენ უკრაინას იარაღს უკვე აღარ მივცემთ. ამიერიდან ჩვენ საკუთარ არმიას ყველაზე მოწინავე და თანამედროვე იარაღით შევაიარაღებთ“ – ასე განაცხადა პრემიერმა პოლონეთის ტელეარხის Polsat-ის ეთერში.

ამ ფონზე ჩნდება იმის ცდუნება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა წინასაარჩევნო კამპანიას მიაწერონ, მაგრამ სინამდვილეში მიზეზები უფრო ღრმაა და უთანხმოება შეიძლება PiS-ის გამარჯვების (ან დამარცხების) შემდეგაც გაგრძელდეს. როგორც ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა აღნიშნა (მან ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა), ვარშავისა და კიევის დავა მიანიშნებს იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას (მისი მილიონობით ტონა მარცვლეულით): პოლონეთის ხელისუფლება შიშობს, რომ მას პრობლემები გაუჩნდება. „ომის 18 თვის განმავლობაში პოლონეთი თითქოსდა ის სახელმწიფო იყო, რომელიც უყოყმანოდ მხარს უჭერდა უკრაინას, მაგრამ როცა საკითხი მის ინტერესებს შეეხო, ვარშავამ ჭეშმარიტი სახე აჩვენა“.
პრობლემა კიევისათვის ისიცაა, რომ მხარდაჭერა, როგორც ჩანს, სუსტდება არამარტო პოლონეთის მხრიდან. ომის დაწყების დროს ბალტიისპირა ქვეყნები ბრიუსელში და ვაშინგტონში პროუკრაინულ პოლიტიკას ატარებდნენ და ისე ჩანდა, რომ მათზე ხმამაღლა და კრიტიკულად რუსეთის წინააღმდეგ სხვა არავინ არ გამოდიოდა. მაგალითად, ძალზე ეფექტური იყო ესტონეთის ლიბერალური პრემიერ-მინისტრის კაია კალასის გამოსვლები. როგორც ყოფილი პრემიერისა და ევროკომისრის შვილი, კაია კალასი ბოლო დრომდე სიმბოლურად გამოხატავდა აღმოსავლეთ ევროპის გაბედულობას რუსეთის წინააღმდეგ და ყველა ფიქრობდა, რომ იგი ბრიუსელში გავლენიან პოზიციას დაიკავებდა. მაგრამ კაია კალასის ავტორიტეტი ძალიან შეილახა მას შემდეგ, როცა სკანდალი ატყდა მისი [მესამე] ქმრის არვო ხალიკის გამო, რომელსაც, როგორც გაირკვა, იმ კომპანიაში ჰქონდა წილი, რომელიც რუსეთში ბიზნესს აწარმოებდა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგაც – იმ დროსაც კი, როცა მისი ცოლი მოსკოვთან ყოველგვარი ვაჭრობის შეწყვეტას ითხოვდა.
მართალია, კაია კალასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ განაცხადა, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრის რეპუტაციის შელახვის შემდეგ მისი [პროუკრაინული] გამოსვლები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ უფრო მორიდებული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთის პრემიერის ქმართან დაკავშირებულმა სკანდალმა უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე დააშორა.
გადავიხედოთ სლოვაკეთში და ვნახოთ რა ხდება უკრაინის კიდევ ერთ მხარდამჭერ ქვეყანაში.
როგორც ცნობილია, ცენტრალური ევროპაში მდებარე ეს სახელმწიფო უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლება ყველაფერში, მაგრამ 30 სექტემბერს, დანიშნულმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა შეიძლება კიევის მომხრე ბრატისლავა უეცრად მის კრიტიკოს-სკეპტიკოსად გადააქციოს. „თუ თქვენთან არის ისეთი საზოგადოება, რომლის წევრთა 60% უკრაინისათვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, ხოლო მთავრობა – მომხრე, ჩათვალეთ, რომ მთავრობის პოლიტიკას ამომრჩეველთა უმეტესობა მხარს არ დაუჭერს“, – ამბობს მილან ნიჩი, საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელი.
რობერტ ფიცო, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოპულისტი, რომელსაც ისევ სურს ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნება, პრორუსულ და ანტიამერიკულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას და აცხადებს, რომ სლოვაკეთმა უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალები არ უნდა მიაწოდოს. გამოკითხვები მოწმობს, რომ რობერტ ფიცოს პარტია საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს.
თავის მხრივ, რობერტ ფიცოს გამარჯვება კარგი იქნება ვიქტორ ორბანისათვის – კიევის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისათვის, რომელიც თავის მომავალ სლოვაკ კოლეგას გვერდში დაუდგება.
რა თქმა უნდა, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს მტკიცე მოკავშირე-მხადამჭერები ევროპაში – ლიეტუვა, ლატვია, რუმინეტი, შვედეთი, ფინეთი და სხვები. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც შარშან ჯერ კიდევ ყოყმანობდა, ახლა კიევს მხარს მტკიცედ უჭერს. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის საკითხში პოლონეთისა და სლოვაკეთის როლი გადაჭარბებულია – ორივე ქვეყნის სამხედრო საწყობები დიდი ხანია თითქმის ცარიელია და მათში უკრაინისათვის გასაგზავნი იარაღი აღარ არის.
კიევი ამ ეტაპზე სიმშვიდეს ინარჩუნებს: გასულ ხუთშაბათს ვიცე-პრემიერმა ოლრა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ კიევსა და ზოგიერთ მის მეგობართან ურთიერთიერთობაში გაჩენილი ბზარის ნეგატიური მნიშვნელობა გადაჭარბებულია: „მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მიდინარე პოლიტიკური პროცესები ჩვენს მიმართ მხარდაჭერას არ შეასუსტებს“.
მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ყველაფერს კრემლში მჯდარი ვლადიმერ პუტინი არ აკვირდება და ხელს სიამოვნებით არ იფშვნეტს.

წყარო