ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს

24
spot_img

ევროკომისია ევროკავშირის ფონდებიდან პოლონეთისთვის 137 მილიარდი ევროს განბლოკვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კარგი ამბები მაქვს: შემდეგ კვირას ევროკომისია ორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპულ ფონდებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა დაბლოკილია პოლონეთისთვის. ეს გადაწყვეტილებები პოლონეთისთვის 137 მილიარდ ევრომდე გამოათავისუფლებს. საუბარია ერთიანობის ფონდიდან სახსრებზე და “ევროკავშირის მომავალი თაობა” გეგმის სახსრებზე,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნული სახსრების განბლოკვას ევროკომისია პოლონეთში კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების აუცილებლობას უკავშირებდა, რომელთა რეალიზაციაც ბრიუსელმა ახლა ეფექტიანად ჩათვალა.

„ეს მნიშვნელოვანი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეებიდან მიზანი მდგომარეობდა, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების აღდგენაში,” – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, განბლოკილი სახსრები მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.