,,ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო, ახლა ჯერი ჩვენზეა”- რომან გოცირიძე

72
spot_img

საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ გზა გაიხსნა. ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ერთი წლის შემდეგ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებას დაგვაწყებინებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ კომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

რომან გოცირიძის თქმით, საჭიროა განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება.

„დღეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. მრავალი თაობის ოცნება ახდა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ გზა გაიხსნა. ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ერთი წლის შემდეგ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებას დაგვაწყებინებს. ამისთვის საჭიროა იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ცნობილია და რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დაემატა. ამათგან ერთ-ერთია არჩევნების დამოუკიდებლად და სამართლიანად ჩატარება. ასევე, ევროკავშირის რეკომედაციებს ერთი შეხედვით ახალი რეკომანდაცია დაემატა – ეს არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ეროვნულ ბანკში საგანგაშო მდგომარეობაა, როცა ეროვნული ბანკი არის პარალიზებული, მას მმართველობა არ ჰყავს. ეროვნული ბანკის სტუქრტურაში არის ერთადერთი პირი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტობას ითავსებს, ხოლო დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტები არ არსებობენ. ეროვნული ბანკი არის ჩიხი, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის კანდიდატურას პარლამენტი არ ამტკიცებს, ხოლო მთავრობა საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტს თავს ვეღარ ახვევს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.