“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის საკითხი, სადაც ყველას ერთიანობა გვმართებს”-ანა დოლიძე

154
spot_img

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას და კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის გაცემას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

მისი თქმით, შემდეგი 5 კვირა საჭიროა, მუხლჩაუხრელი შრომა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის წევრმა 27-ივე სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

„თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აქვე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ რეკომენდაცია არაფერია, თუ შემდეგი 5 კვირა არ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ნამდვილად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ყველასთვის ცხადია, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის, რომელიც ამ დროისთვის, პროპაგანდითაა დაკავებული, თითქოს, ეს დადებითი რეკომენდაცია მათი 24-საათიანი შრომის შედეგია. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი მოქალაქეების აქტიურობის შედეგი, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არაერთხელ ღიად გამოხატეს.

ახლა მთავარია, ყველამ ერთად გავაკეთოთ საერთო საქმე, საერთო მიზნისთვის. ამიტომ, მივმართავ ყველას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობოებს და მოქალაქეებს – ვისაც რისი გაკეთება შეგვიძლია, ვიაქტიუროთ იმ მიმართულებით რეკომენდაციების მიხედვით და შევეცადოთ, შემდეგი 5 კვირის განმავლობაში, ჩვენი თითოეული ნაბიჯით, ქმედებით თუ სიტყვით – ვაჩვენოთ ევროპას, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. როგორც ვნახეთ, რეკომენდაციები მოიცავს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, რეფორმებს იუსტიციის საბჭოს მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით და ა. შ.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის საკითხი, სადაც ყველას ერთიანობა გვმართებს და ეს საქმე ყველამ ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ერთი საქმე მომავლისთვის“, – აცხადებს ანა დოლიძე.