რას ამბობს თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა

79
spot_img

თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან იმყოფებოდა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც პაპიტაშვილი აცხადებს, ის 6 ნოემბერს, 6 ადამიანთან ერთად სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მან, დოთიაშვილმა და გინტურმა ლომისის ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეს.

პაპიტაშვილი აცხადებს, რომ ცუდად იყო და ლომისის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ადრე დატოვა, იქ კი გინტური და დოთიაშვილი დარჩნენ.

მისივე თქმით, ადგილზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ დაუნახავს და სოფელში ჩამოსვლის შემდეგ, 3 გასროლის ხმა გაიგო.

„სალოცავს შემოვუარეთ. ამათ მანქანით შემოუარეს, მე ფეხით. ცუდად ვიყავი, გადავედი ტყეში. რომ გადმოვედი არავინ დამინახავს. წამოვედი და იმის მერე იქ რა მოხდა, იცის იმ ბავშვმა, ვინც იქ დაჭერილია. 3 გასროლის ხმა გავიგე. სოფელში ჩამოვედი, მერე ვინ ვნახე და ვინ არა, აღარ მახსოვს“, – აცხადებს თამაზ პაპიტაშვილი.

საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.