“ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა” – ანდრია ჯაღმაიძე

53
spot_img

ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, ეკლესიასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ბევრ კითხვას აჩენს.

„ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. პირველ რიგში, პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც თავი მიაჩნია ეკლესიის მრევლად, მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი ეთიკას მოკლებულია. სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.

გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს, ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“? პრეზიდენტის სიმაღლიდან ასეთი ზედაპირული, შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა. ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს, აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე, ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.