,,ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია ყველაფერს გავითვალისწინებთ”- გომელაური

27
spot_img

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დასკვნითი სიტყვის წარმოთმისას დეპუტატებს კონსტრუქციულობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გომელაურმა განაცხადა, საქართველო ყველასია, ამიტომ მზად არის, ყველასთან დასხდეს და ისაუბროს და რაც სწორია, ყველაფერს გაითვალისწინებს.

„ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, ძვირფასო ოპოზიციავ თქვენც, ასევე. დღეს ისე თუ ასე მაინც კონსტრუქციული გამოვიდა. შეიძლება, ვინც ტელევიზორს უყურებდა თქვას, რას ამბობს ეს კაცი, რამხელა ხმაური იყოო, თუმცა აქ ისეთები მაქვს ნანახი, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო დღეს, ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ ყველას.

მესმის, რომ არის საკითხები, რაზეც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. რაღაცებზე ვკამათობთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება დაგვარწმუნოთ და გავაკეთოთო. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, თუნდაც იარაღის კანონის შესახებ შევხვდით ჯგუფებს, რომლებმაც დაგვარწმუნეს რომ არ იყო ასე სწორი და მართლაც შევცვალეთ ჩვენივე დაწერილი კანონი, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ყველასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ , იქნება ეს საზღვარი თუ კრიმინალური პოლიცია , თუ გამოძიება. ეს ქვეყანა ყველასია, ამიტომ რაც სწორია ყველაფერს გავითვალისწინებთ.

მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, მათ ოჯახებს“,- განაცხადა გომელაურმა.