,,ეს მართლაც მნიშვნელოვანი დარტყმა იყო მისთვის და ზოგადად ოპოზიციისთვის”- გელა ნიკოლაიშვილი

28
spot_img

ეს მართლაც მნიშვნელოვანი დარტყმა იყო მისთვის და ზოგადად ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას სარჩელის მიღებაზე უარის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც რამდენიმე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, ამ კუთხით მნიშვნელოვნად შესუსტდა მათი ხმაური. ბოლოს იქამდეც მივედით, რომ რეალურად ეჭვი შეიტანეს ჯერ „რუსთავი2“-ის საქმის და ახლა უკვე ნიკა გვარამიას პირადი საქმის გადაწყვეტის დროს. გვარამიამ ხმამაღლა შეიტანა ეჭვი სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობაში, მოსამართლეების კომპეტენტურობაში. ამის მიუხედავად, მეორე დღესვე თითქოს, უნდოდა უკან დახევა, რომ „ვგულისხმობდი არა სტრასბურგის, არამედ საქართველოს მოსამართლეებსო“.

ეს მართლაც მნიშვნელოვანი დარტყმა იყო მისთვის და ზოგადად ოპოზიციისთვის. თან ვერ ბედავენ სტრასბურგის სასამართლოზე ძვირის თქმას და ვეტინგის ფორმით მათი კომპეტენტურობის თუ კეთილსინდისიერების შემოწმებას, მაგრამ დაახლოებით აქეთ მიდის საქმე. ნიკა გვარამიამ ახალი გზა გამონახა და თქვა, „მე ეს საქმე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიმაქვს და ნახეთ, იქ რა იქნება“ – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველმა მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.