მათ არ სურთ ეს წარმატება რომ იყოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვითონ მერე იდგნენ და იძახონ, რომ ვითომ თვითონ არიან პროევროპულები და თავისივე ჩაგდებული რეზოლუციების გამო ჩვენ ვართ ანტიევროპულები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს [რეზოლუციის მხარის არ დაჭერა] არათუ მოსალოდნელი, ან მოულოდნელი, მათგანაც [ოპოზიციისგან] კი წარმოუდგენელი იყო. ერთია, როდესაც იცი, რომ გყავს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ყველა წითელ ხაზს აბიჯებს იმის გამო, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გაატაროს, თუმცა მათი დეკლარირებული პოლიტიკა იყო, რომ ყოველ მეორე სიტყვაზე ევროკავშირსა და მათთან ინტეგრაციაზე აკეთებდნენ აქცენტს. არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელშიც ეწერა – უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაცია. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ოპოზიციონერები არიან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც აგვისტოს ომის დაწყებას აბრალებდნენ საქართველოს და ქართველ სამხედროებს. აქედან მარტივი დასკვნა გავაკეთეთ, მათ არ სურთ არავითარი სიკეთე და წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვაღწევთ წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე, მათი ხელისუფლების პირობებში ეს წარმატებები არ გვქონია. მათ არ სურთ ეს წარმატება რომ იყოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვითონ მერე იდგნენ და იძახონ, რომ ვითომ თვითონ არიან პროევროპულები და თავისივე ჩაგდებული რეზოლუციების გამო ჩვენ ვართ ანტიევროპულები“, – აღნიშნა დავითულიანმა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.