“ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება”

37
spot_img

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წევრების წასვლას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„თითქოს რაღაც მესამე ძალები იქმნება, თითქოს რაღაც გამიჯვნა არის. სინამდვილეში ეს არის ერთი ქოლგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც ყველა ეს პატარა თუ საშუალო დაჯგუფება მოძრაობს. ამიტომ, მთავარი გამოწვევა კვლავ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ერთ რამეზე – ისინი ემსახურებიან არა ქართველი ხალხის ინტერესს, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფების – ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით ინტერესებს, რომლებიც აბსოლუტურად დაპირისპირებულია ქართველი ხალხის ინტერესთან. ასე რომ ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება. 2024 წელს ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად ბაჩო დოლიძემ დატოვა. ნიკა მელიას გუნდის წევრი ამბობს, რომ ახლა ახალი მოძრაობის დროა. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ ქუთაისის საკრებულოს წევრებიც. პარტია ასევე დატოვა იმერეთის მუნიციპალიტეტში ასეულობით წევრმა.