ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წევრები ანესის კინოფესტივალის მარკეტის (MIFA) დირექტორს შეხვდნენ

16
spot_img
ბერლინალეზე” ქართული დელეგაციის წევრები ინტენსიურად მართავენ შეხვედრებს მსოფლიოს კინოსამყაროს ცნობილ წარმომადგენლებთან. ამჯერად კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, სსიპ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ოდიშარია, ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წევრი ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები შეხვდნენ ანესის კინოფესტივალის მარკეტის (MIFA) დირექტორს – ვერონიკა ენკრენაზს.
მხარეებმა ისაუბრეს ქართულ ანიმაციურ პროექტებზე; იმსჯელეს 2024 წლის ივნისსა და ნოემბერში ანესის კინოფესტივალის მარკეტზე ქართული სტენდის წარდგენისა და თბილისში ანიმაციური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის გამართვის შესახებ.
ფესტივალის მიმდინარეობისას კინოს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას, 15-21 თებერვალს, ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის” მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარობას.

 

 

ლინკი: https://www.facebook.com/100064847552043/posts/pfbid0VhTBSeadEXKi2T4hDgVq6ZyjywxaUifJ4cjGc7QU4B9reBZ9NJ5Wb6MektZU77bSl/