ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

166
spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

„ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს მაშინ, როდესაც ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც.

საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.