ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება

60
spot_img

ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრება – შესაბამისი განათლების მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას დაექვემდებარება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც ექთნებისა და მეანი-ექთნების დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება. კერძოდ, უმაღლეს (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება მიენიჭებათ, პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს – სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება, საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი.

ამასთან, იგეგმება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნა, რომლის საშუალებით ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება განხორციელდება. რეესტრში ავტორიზებული იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.

სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის სერტიფიცირება 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, უგამოცდოდ განხორციელდება. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება.

მთავრობის საკანონმდებლო პროექტის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება 5 წლის ვადით მოხდება.

საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – კერძოდ, “მეანი-ექთნით“ ხდება “ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება. საკანონმდებლო პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.