ენტონი ბლინკენს სენატში სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა რამდენიმეჯერ შეძახილებით შეაწყვეტინეს

21
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა შეძახილებით რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს.

„მას ხელებზე სისხლი აქვს“, „ომის დამნაშვე“, – სკანდირებდნენ პალესტინის მხარდამჭერები.

პოლიციამ მომიტინგეებს სენატის შენობა მალევე დაატოვებინა.

ამასთან, გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებაზე.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით მათ ძალისხმევაში, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბოლო მოეღოს ღაზაში ადამიანთა საშინელ ტანჯვას და თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება. აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღინიშნა, ისრაელთან როგორც საჯაროდ, ასევე სხვებთან საუბარში, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს რაფაჰში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას“, – აღნიშნა ბლინკენმა გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია სიამოვნებით იმუშავებს კონგრესთან, რათა ჩამოაყალიბონ პასუხი ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.