დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს

24
spot_img

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონლუკიიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მან სასწაულმოქმედების უნარი ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი, მთელი დღე ტაძარში ატარებდა და ღამით ლოცულობდა. პათარის ეპისკოპოსმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმიდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: „ ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს. კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება“.

წმინდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მათგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არცერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. წმინდანის ცხოვრება ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისგან, მრავალი გადაურჩენია ზღვაში დახრჩობას და მრავალიც განუკურნავს.

წმინდა ნიკოლოზმა სარწმუნოებისთვის დევნა და პატიმრობაც დაითმინა. 325 წელს , იგი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსობების დოგმატი დაამტკიცეს. კრების სხვა 318 წმინდა მამასთან ერთად, იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებასა და ერეტიკოსების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა.

წმინდანი 342 წლის 6 დეკემბერს, 85 წლის ასაკში მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმინდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმინდა მირონი მოედინებოდა , რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს , წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა, მაჰმადიანების მხრიდან. წმინდა ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ, აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც პაპმა ურბან I I- მ აკურთხა.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ 19 დეკემბერს და 22 მაისს აღინიშნება.