ემანუელ მაკრონის “რკინის ფარდა”

89
spot_img

დიდი რეზონანსი გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომ ევროპის ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელია. მაკრონის განცხადების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რომ ნატო აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. აგრეთვე რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის პირდაპირი კონფლიქტის დაუშვებლობაზე ისაუბრეს ევროპის რიგი ქვეყნის ლიდერებმაც.

თუმცა, მაკრონის განცხადებები უნდა იქნას მიღებული, როგორც უფრო ზოგადი სტრატეგიის ნაწილი, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთის პრეზიდენტი აპირებს.

პირველი, მაკრონი საუბრობდა არა ნატოს ბლოკის ჯარებზე, არამედ ცალკეული ევროპული ქვეყნების ჯარებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა უკრაინის მთავრობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ნატოს მონაწილეობის გარეშე.

მეორე, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის სამხედრო შეტაკების ალბათობას ანალიტიკოსები ომის დაწყებიდანვე განიხილავდნენ. დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ეს შესაძლებლობა, მაგრამ სრულებითაც არ გამორიცხავენ. სიახლე ისაა, რომ ემანუელ მაკრონმა საჯაროდ განაცხადა ის რაც განიხილებოდა მანამდე სამიტების საზღვრებში ან სამხედრო ექსპერტების პუბლიკაციებში. ეს ნაბიჯი ევროკავშირში პოლიტიკურ დისკუსიებს ახალ დონეზე გადაიყვანს.

მესამე, ემანუელ მაკრონი ეწინააღმდეგება ევროპაში ნატოს გაძლიერებას. მაკრონი ევროპის საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნის ერთ-ერთი მთავარი ლობისტია. ასეთი პროექტის განხორციელება ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელს გახდის შეერთებული შტატებისგან. ნატოში შეერთებული შტატები წამყვან როლს თამაშობს და არის ევროკავშირის თავდაცვის მთავარი გარანტი სამხედრო საფრთხეებისგან. ამრიგად, მაკრონი კვლავ აქტუალურს ხდის ევროპული არმიის შექმნის საკითხს.

მეოთხე, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ალბათობა ემანუელ მაკრონს დამატებით კოზირებს აძლევს. ტრამპი, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, იმუქრებოდა, რომ შეერთებული შტატები დატოვებდა ნატოს და თავის წინასაარჩევნო განცხადებებში ძალიან მკაცრად საუბრობდა ნატოს ბლოკში აშშ-ს მოკავშირეებზე. იზოლაციონისტური ტენდენციები შეერთებულ შტატებში ევროპას ართმევს ამერიკული უსაფრთხოების „ქოლგას“. ეს არის შესაძლებლობა საფრანგეთისთვის, მიიღოს ევროკავშირის ლიდერის როლი. გერმანიას უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, მაგრამ გეოპოლიტიკურ საკითხებში ძალიან თავშეკავებულია. საფრანგეთი ტრადიციულად აცხადებს განსაკუთრებულ როლს ევროპაში. მაკრონის უკან შეგვიძლია ვნახოთ შარლ დე გოლის ჩრდილის ნაცნობი სილუეტი. შეგახსენებთ, რომ დე გოლის დროს საფრანგეთმა დატოვა ნატო. დე გოლს აგრეთვე მკაცრი პოლემიკა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ საკითხებში. ემანუელ მაკრონი ასევე ახორციელებს სტრატეგიას, რომელიც საბოლოოდ გახდის ევროპას უფრო დამოუკიდებელ აშშ-სგან, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მეხუთე, მაკრონმა პირდაპირ მიუთითა რუსეთთან ურთიერთობებში „სტრატეგიული გაურკვევლობის“ შენარჩუნების აუცილებლობაზე. ეს ნიშნავს “წითელი ხაზების” ბიუროკრატიული სტილიდან გადახვევას და უფრო მოქნილ სამხედრო-პოლიტიკურ სტრატეგიაზე გადასვლას. მისი მნიშვნელობა ის არის, რომ მეტოქემ არ იცის რა შედეგი მოყვება მის ქმედებებს. ევროპის ქვეყნების ჯარების შემოსვლა უკრაინაში მაკრონის გამოსვლამდე იყო ერთ-ერთი ასეთი „წითელი ხაზი“. ახლა ეს “წითელი ხაზი” წაშლილია.

რუსეთი და ევროკავშირი რეალურად ახალი „ცივი ომის“ სიტუაციაში აღმოჩდნენ. მხოლოდ ახლა “რკინის ფარდა” უფრო აღმოსავლეთით ჩამოიწევს, ვიდრე გასული საუკუნის 40-იან წლებში იყო. ემანუელ მაკრონის გამოსვლა რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ჯარებს შორის შესაძლო სამხედრო შეტაკების შესახებ შეიძლება გახდეს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოსვლის 1946 წელს ქალაქ ფულტონში თანამედროვე ანალოგი. მაკრონმა არ გამოიყენა ტერმინი „რკინის ფარდა“, მაგრამ მისი გამოსვლის აზრი ის იყო, რომ დროა ევროპელებმა დაემშვიდობონ ილუზიებს. “რკინის ფარდა” უკვე ჩამოშვებულია და, როგორც ჩანს, დიდი ხნით.

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი