ეკონომიკის სამინისტრო სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შეისწავლის და მათ დარეგულირებაზე იმუშავებს

15
spot_img
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სატვირთო ავტომობილების მფლობელებსა და მძღოლებს შეხვდა, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვათა გაცემასთან დაკავშირებით.
ლევან დავითაშვილმა მათი მოთხოვნები დეტალურად მოისმინა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები  დღესვე დაიწყებენ  მძღოლების მიერ წარმოდგენილი საკითხების მოკვლევას და შესწავლას, რათა უმოკლეს დროში იყოს შესაძლებელი პრობლემების სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
„სექტორის წარმომადგენლებთან გაიცვალა ინფორმაცია დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, მათი ძირითადი გულისტკივილი ეხება სანებართვო სისტემას, რომელიც დღეს მოქმედებს – აქ არის ნებართვების ზღვრული რაოდენობა და ჩვენი მიდგომაა, რომ წლის განმავლობაში ის თანაბრად გადანაწილდეს სექტორის წარმომდგენლებზე. შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხის დარეგულირებისთვის” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  გურამ გურამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების  რაოდენობა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით აქვს გადმოცემული. მათი გაცემა ხორციელდება ეტაპობრივად ქართველი გადამზიდავების ინტერესებისა და მათთვის  რაციონალურად განაწილების პრინციპის დაცვით – განცხადებების მიღება ხორციელდება წინასწარი სატელეფონო რეგისტრაციის გზით. სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული ნებართვების არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული სანქციები.