“ე.წ. კარვების კანონის მიღება არ იყო სწორი და კარგია, რომ ჩვენი პოზიცია თანხვედრაშია პრეზიდენტის პოზიციასთან”

89
spot_img

არავინ დაკავებულა, არავის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა, ამასობაში მივედით ახალ წლამდე და ახლა უნდა იყოს გაქანებული გადატრიალება – კარგია, რომ ჩვენი პოზიცია თანხვედრაშია პრეზიდენტის და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციასთან,- ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მათი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ კანონში ცვლილებები არ უნდა მიეღოთ.

„ე.წ. კარვების კანონპროექტთან დაკავშირებით მე და „ლელომ“ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იქ, დარბაზში, კენჭისყრისას, წითელ ღილაკზე ხელის მიჭერით. ვიყავით წინააღმდეგი, კონტექსტიდან გამომდინარეც, რადგან გახსოვთ, ჩვენ გვითხრეს უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ქვეყნის, ვიცით, ვინ ამზადებს დანაშაულსო, სად აპირებენ და როგორ ამის ჩადენასო, არეულობის გამოწვევა და გადატრიალება უნდათ და ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ იმას, რომ კონსტრუქციებს ავკრძალავთო მიტინგებზეო. სხვა არც ერთი ნაბიჯი არავის გადაუდგამს, არავინ დაკავებულა, არავის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, არაფერი არ გამოვლენილა, ამასობაში მივედით ახალ წლამდე და ახლა უნდა იყოს გაქანებული გადატრიალება სახელმწიფოებრიობის. ეს იყო კონტექსტი, რის გამოც ამ კანონის მიღება არ იყო სწორი და ძალიან კარგია, რომ ჩვენი პოზიცია თანხვედრაში პრეზიდენტის პოზიციასთან, რომელმაც ვეტო დაადო და საერთაშორისო ორგანიზაციები ეუთო იქნება ეს თუ ექსპერტები, ამასვე ამბობენ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.