დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება.
„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ამ პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მოძრაობა და გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.
„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.