დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნებმა დაფინანსება ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მას შემდეგ შეუჩერეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან არის კავშირში.
„იტალიის მთავრობამ შეაჩერა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა.
მანამდე, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს აშშ-მა, ავსტრალიამ და კანადამ.