“დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა”

18
spot_img

თბილისის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით იზრდება, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, – განაცხადა ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე.

როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხდომაზე როგორც ფინანსურ, ისე ქონებრივ ნაწილში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან ისმის ბრალდებები, თითქოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ პარტიულ ინტერესებზეა მორგებული.

„დიახ, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. სწორედ „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესია ის, რომ თბილისს ჰქონდეს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული. ასევე ჩვენს ინტერესებში შედის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედაქალაქში ახალი სკვერებისა და პარკების მშენებლობა, ძველის რეაბილიტაცია და დამატებითი დენდროლოგიური ღონისძიებების ჩატარება, ასევე საბავშვო ბაღებისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და მათი მხრიდან პოზიტივში ნეგატივის დანახვის მცდელობას სრული სიგიჟე უწოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია ტყუილების თქმით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესს, ეს არის ქვეყნის შენების გაგრძელება სტაბილურობის, მშვიდობიანი პოლიტიკისა და უწყვეტი განვითარების გზით“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანია, რომ თბილისი ევროპული ქალაქი გახდეს.

ირაკლი ხელაძემ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ოპოზიციის აღშფოთება სწორედ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.

მისი თქმით, ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩენია და ამიტომ ცდილობს ქაოსის შექმნას.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უწყვეტი განვითარების საშუალებას კვლავაც მისცემს“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.