,,დღეს ავალებენ, რომ უნდა ჩავიდეს სადღაც და ჩაიხადოს, ხვალ სხვა რამეს დაავალებენ”- მდინარაძე

83
spot_img

ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება რას იტყვის, რა კითხვას დაუსვამენ და რას უპასუხებს. მაშინ დაავალეს და უთხრეს, რომ შენ ახლა რუსეთთან დაკავშირებით არ უნდა ილაპარაკო ცუდი რაღაცები: ეკონომიკაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე უნდა ილაპარაკო. ზურაბ ჯაფარიძემ, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, ასე ილაპარაკეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რას უკავშირებს ჯაფარიძის რიტორიკის და შეხედულებების შეცვლას, რომელიც 2011 წელს რუსეთთან ვაჭრობის მომხრე იყო.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ახლა დავალებული აქვს, რომ „აჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე“, ხოლო მომავალში, შესაძლოა, კვლავ დაავალონ ნარატივის შეცვლა, რაც, მდინარაძის თქმით, აგენტის ხვედრია.

„დღეს ავალებენ, რომ შენ ახლა უნდა ჩახვიდე სადღაც და უნდა ჩაიხადო, უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს. შენ ახლა გევალება, რომ უნდა გაჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე, უნდა გაგიჟდე, გადაირიო და უნდა დაგბურძგლოს და ამას აკეთებს. ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ამ ნარატივს და ისევ იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ​ ეკონომიკურია ​ და ცუდი არ არის – ეს არის აგენტის ხვედრი. საბედნიეროდ, უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყანაში, შეუძლია საკუთარი აზრებით ილაპარაკოს რასაც თვითონ ფიქრობს. ზურაბ ჯაფარიძეს და მისნაირებს თანავუგრძნოთ, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რასაც დაავალებენ, იმას ილაპარაკებენ. რუსეთზე ხან ასე ილაპარაკებენ, რომ ეკონომიკას ეხება საქმე, ხან ისე ილაპარაკებენ, რომ თითქოს ბრაზდებიან, რადგან გაბრაზება აქვთ დავალებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.