„დგება კრემლის „სასარგებლო იდიოტების“ უკანასკნელი ჟამი, ჟამი „ჭეშმარიტი რუსეთუმეების“ მხილებისა”- ქართველიშვილი

92
spot_img

„ჭეშმარიტი რუსეთუმეების“ მხილების მცდელობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ ამ მიზნით შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა იქნება უპრიანი, რომელშიც შევიდოდა ყველა,ვინც ხელს უწყობდა ქვეყნის ოკუპაციას და ძირს უთხრიდა ქვეყნის მომავალს.

„დგება კრემლის „სასარგებლო იდიოტების“ უკანასკნელი ჟამი, დგება ჟამი „ჭეშმარიტი რუსეთუმეების“ მხილებისა. ამისთვის ერთ საიტსაც შექმნიდა კაცი, მაგალითად rusetume.ge − სადაც რეესტრის ფორმით შევიყვანდით ყველას, ვინც წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ქვეყნის ოკუპაციას, დაადანაშაულა საკუთარი შეიარაღებული ძალების ომის დაწყებაში, დაასუსტა თავისი ქვეყანა ოკუპანტის სასარგებლოდ ეკონომიკური კონტრიბუციის უხვად გაღებით, ხელი შეუწყო ოკუპანტს მისთვის დახურულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას, გაუუქმა ოკუპანტს ქვეყანაში შემოსვლის სავიზო ბარიერები, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლიდა და მავნებლობდა.

ყველას, ვინც „მეორე ფრონტის“ გახსნით, ფაქტობრივად რუსეთს უღებდა ქვეყნის კარიბჭეს მისი საბოლოოდ ოკუპირების მიზნით. ყველას, ვინც დეზინფორმაციით, ფეიკებით, ცილისწამებით საქართველოს იმიჯს ულახავდა დასავლეთის თვალში ისევ და ისევ კრემლის პროპაგანდისტების გულის გასახარად. ყველას, ვინც ვერ მოელია თავის რუსულ ბიზნესებს, თუ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხაზით ყოველთვიურ სარეზიდენტო ფულად გზავნილებს.

აუცილებლად შევიყვანდით რუსეთის „სასარგებლო იდიოტების“ რეესტრში აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს და ათასობით მათ ზომბირებულ თუ მოსყიდულ მიმდევარს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ქვეყნის ხელისუფლებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული, უპირველესად, საქართველოში მოქმედი რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას გამიზნულად შეუშალეს ხელი. ვინც მოახდინა ამ ეროვნული პროცესის პარალიზება, „რუსული კანონის“ სტიგმატიზაციის სახით.

განსაკუთრებით კი დღეს შევიყვანდი ყველა ამ მოღალატეს და კრემლის სასარგებლო იდიოტს „რუსეთუმეების რეესტრში“, როდესაც მათი უკრაინელი PR-მენეჯერი ბრაუნ-არახამია უკრაინის რადაში აინიცირებს იმ „რუსულ კანონს“, რომლის ქართველ ინიციატორებს ჯერ კიდევ გაზაფხულზე „ევრო-ანათემას“ გადასცემდა, აცხადებდა, რომ მსგავსი კანონის მიმღები ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არაა, ხოლო უკრაინაში მსგავს ინიციატორებს მყისიერად დაატოვებინებდნენ პარლამენტის წევრობის მანდატებს.

დღეს ბრაუნ-არახამიას ქვეყანა მისივე ფორმულირების მსხვერპლი გახდა და დღეს ბრაუნ-არახამიას ინიციატივის თანახმად, მას უნდა ჩამოართვან დეპუტატობა. მაგრამ მრუდე სარკეების სამყაროში ხომ სულ სხვა „ნიუტონის კანონები“ მოქმედებს. ასეთივე გამრუდებული გარემო აქვთ შექმნილი ბრაუნ-არახამიას ქართველ კოლეგებს − დღეს რუსეთის „სასარგებლო იდიოტებთან“, მათ „მეხუთე კოლონასთან“ აფილირებული მედია ღვრის „ნიანგის ცრემლებს“ ძალზე საინტერესო თემაზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ვრცელ პოსტში ის ასევე საუბრობს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი სექციის პლატფორმაზე, რომლის კონფერენციაც ამ დღეებში ჩატარდა.

„ოპოზიციური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი სექციის პლატფორმაზე შედგა „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს“ (სრთოსს) კონფერენცია თემაზე: „რუსეთის სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების მხარდაჭერა“.

აღშფოთებულმა ნაც-ჟურნალისტმა ამ კონფერენციის გაშუქებისას ხაზი გაუსვა, რომ სრთოსს-ში შემავალი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსება წლებია ხორციელდება გასაიდუმლოებულ და არა გამჭვირვალე რეჟიმში. სრთოსს-ის ფინანსური და ხარჯვითი ანგარიშგება არავის უნახავს, რომ მასში შემავალი ორგანიზაციების მესვეურები ყოველწლიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, დუშეთში და სხვა ლოკაციებში. ნაც-ჟურნალისტის ცალკე შფოთის საგანია, რომ მიუხედავად სრთოსს-სის მუშაობის ასეთი გაუმჭვირვალე ხასიათისა, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველი სექციისა და რუსეთის ფონდების მხრიდან გრძელდება სრთოსს-ში შემავალი ორგანიზაციების დაფინანსება სხვადასხვა გაუგებარ და გასაიდუმლოებულ პროექტებზე. გაირკვა, რომ სრთოსს-ში შემავალი ორგანიზაციები დაფინანსებას იღებენ ასევე ევროკავშირის ხაზით.

სულ ბოლოს მათ ბრიუსელიდან გამოეყოთ სოლიდური თანხა „საქართველოში რუსეთის სათვისტომოს წარმომადგენლებისთვის ჰიგიენის საგნებისა და საწოლის თეთრეულის შესაძენად“, ვინაიდან რუსეთმა თითქოსდა თავის თანამემამულეებს ამ მიზნებისთვის დაფინანსება შეუწყვიტა, რაც აბსოლუტური სიცრუეა! სრთოსს-ის ბაზაზე, რუსეთიდან დამატებითი ფინანსების მოზიდვის მიზნით (ძირითადი Русский клуб-ის გარდა), შეიქმნა ისეთი ახალი ორგანიზაციები, როგორიც არის: Союз русской молодежи, Центр защиты прав российских соотечественников, Ассоциация русских женщин, ხოლო დასავლეთიდან გრანტების მოსაზიდად – Международная ассоциация молодежи და Ассоциация многонациональных женщин. მხოლოდ ამ უკანასკნელს ევროკავშირმა სულ ახლახან 342 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.

ნაც-ჟურნალისტს ასევე ჰყოლია „წყარო“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „თანამემამულეთა დეპარტამენტში“, რომელმაც აცნობა, რომ მხოლოდ თბილისის Русский клуб-ის ხაზით მათ დაასპონსორეს, როგორც მინიმუმ, რუსეთის ხუთი ორგანიზაცია საქართველოში. ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ Русский клуб-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს აქვს მჭიდრო კონტაქტები მოსკოვის მერიის მაღალჩინოსნებთან. სწორედ ამ კავშირების მეშვეობით, მოსკოვის მერიამ გამოუყო Русский клуб-ს ოთხი მილიონი რუბლი და მედიკამენტების მსხვილი პარტია − და ეს არის მსგავსი ტიპის დაფინანსების მხოლოდ ერთი უმნიშვნელო მაგალითი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ის გამოეხმაურა ასევე იმას, რომ კონფერენციის გამართვაზე ოპოზიციამ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

„ზოგადად, ფაქტი, რომ ამ თემაზე აპელირებს ნაც-სექტანტების მედია და გამოხატავს თავის აღშფოთებას, წარმოადგენს ცინიზმის მწვერვალს! გებადება არაორაზროვანი ვარაუდი, რომ „რუსული კანონის“ სტიგმა, გარდა „ოკეანისმიღმელი“ ავტორებისა, იმავე ლЯკა ხოშტარიას (როგორც საქართველოში რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურის წარმომადგენლის) პირდაპირ ინტერესებში შედიოდა.

ამით ხოშტარიამ ორი კურდღელი მოკლა − თავისი პირდაპირი პატრონების დავალებაც შეასრულა და „სასარგებლო იდიოტების“ როლში დასავლეთის აგენტოკრატებისა და მათი მარიონეტების ვრცელი სპექტრი უკვე მერამდენედ გამოიყვანა. ასე რომ, შესაქმნელია საიტი rusetume.ge − აუცილებლადაა შესაქმნელი.

ამით მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთის „სასარგებლო იდიოტების“ და პირდაპირი აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად „ჯიუტად“ და მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა ევროინტეგრაციის კურსით, როგორც მინიმუმ, უსამართლოდ მინიჭებული „რუსული ოცნების“, „რუსეთუმეების“ და „რუსული კანონის“ სარჩულები, სტიგმები, მანტიები მოსახსნელი აქვს და თავისი დამსახურებული ადგილი აქვს მისაჩენი ამ „საპატიო წოდებების“ რეალური მატარებლებისათვის.

ხოლო „ხალხის ძალამ“, რომელმაც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით იზრუნა, იმუშავა და თავის ამერიკულ ანალოგთან მაქსიმალური თავსებადობის ფარგლებში შექმნა „უცხო ქვეყნების საქმიანობის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი, აუცილებლად უნდა დააპატენტოს იგი, ვინაიდან სლოვაკეთის თუ უკრაინის მიერ მიმდინარეობს „საავტორო უფლებების“ უხეში დარღვევის მცდელობები. მოკლედ: არა კრემლის მეხუთე კოლონას საქართველოში! არა − რუსეთუმეებს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.