ჩინური მედიის ცნობით, პოლიციამ ათასზე მეტი კატა გადაარჩინა დაკვლას. ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა კატებით სავსე სატვირთო მანქანა გააჩერეს და ცხოველები თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციაში ამბობენ, რომ საქმე კატის ხორცით უკანონო ვაჭრობასა და სურსათის უვნებლობის საკითხს ეხებოდა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნული არაა, დაკავებულია თუ არა საქმეზე ვინმე. ასევე, უცნობია, გადარჩენილი კატები მიუსაფარი ცხოველები არიან თუ პატრონები ჰყავთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აქტივისტებმა სასაფლაოს ტერიტორიაზე ხის ყუთებში დამწყვდეული კატები შენიშნეს და ვითარებას ექვსი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხოლო მას მერე, რაც ცხოველებს სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა დაუპირეს, უფლებადამცველებმა სატვირთო მანქანა შეაჩერეს და პოლიციას შეატყობინეს. პოლიციამ კი დაადგინა, რომ კატების დახოცვის შემდეგ მათი ღორის და ცხვრის ხორცად გასაღება იგეგმებოდა.
ამბის გახმაურების შემდეგ, ჩინურ სოციალურ ქსელში უამრავმა მომხმარებელმა მოითხოვა კვების ინდუსტრიაში რეგულაციების გამკაცრება და კანონმდებლობის გაუმჯობესება ცხოველთა დასაცავად.
უკანასკნელ ხანებში მომხდარმა ამბებმა ჩინეთში ბევრი დააფიქრა სურსათის უვნებლობაზე. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი შემთხვევა სკოლის მოსწავლის მიერ საკვებში ვირთაგვას თავის აღმოჩენას უკავშირდება. სკოლის ხელმძღვანელობა თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ეს იხვის ხორცი იყო. თუმცა, მოგვიანებით მოუწიათ აღიარება, რომ მოსწავლე მართალი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში არ არსებობს კანონი, რომელიც შინაურ და მიუსაფარ ცხოველებს სასტიკი მოპყრობისგან დაიცავს. ქვეყანაში ცხოველთა უფლებადამცველები წლებია, ამ მხრივ კანონმდებლობის მოწესრიგებას ითხოვენ.