დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ძვირფასო მეგობრებო, პირველად გვაქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რამაც შექმნა პირობები ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-8 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ძვირფასო მეგობრებო, პირველად გვაქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რამაც შექმნა პირობები ეკონომიკური განვითარების და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის. რა თქმა უნდა, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიციირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა. შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული, და პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც მანამდე მაქვს ნათქვამი – 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. ამიტომ, დღესაც, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა, ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი – ორჯერ პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელის რანგში.
ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. დღეს მე მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისათვის, რასაც მე მუდმივად ვგრძნობდი, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარლამენტს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და ასევე, მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.