მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ში, თავდასხმის შედეგად, 137 ადამიანია დაღუპული.
60-ზე მეტი ცხედარი იდენტიფიცირებულია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი კი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.