ჩვენი მოქალაქეები „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურებულია როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე დადასტურდა ბოლო შუალედური არჩევნებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მიიღო 2021 წელს.
„მთავარი საკითხი არის ერთი. ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. არცერთ ქვეყანას არ აქვს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ვართ ქვეყანა, რომელიც, სხვათა შორის, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე იყო სწორედ რუსეთის მხრიდან სანქცირების ობიექტი. შესაბამისად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ გვქონდა გარკვეული სტატუს-კვო რუსეთთან და ჩვენ დამატებით გართულებას, სანქციების დაწესებას – ნებისმიერი სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაციას, მათ შორის, ესკალაცია ნიშნავს შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას – ამ რისკის წინაშე არ ვაპირებთ, მოქალაქეები დავაყენოთ. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ. ეს დადასტურებულია როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ეს დადასტურდა ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მიიღო 2021 წელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.