ჩვენ ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობას და არა ქართველ ხალხს -ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

18
spot_img

ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ვალტონენის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ეს იქნება პირველი საფუძვლიანი დისკუსია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისკენ მიმავალ გზაზე. ასევე, მათ სთხოვეს თავიანთ მთავრობას, გაეღოთ კარი ამისთვის. ამავდროულად, როდესაც მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ხალხის ჭეშმარიტი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზომების შესახებ, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ხელისუფლებას და ამავდროულად ხალხს იმედი შევუნარჩუნოთ.

არსებობს ზომები. მაგალითად, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ევროპაში მოგზაურობა გავართულოთ. ეს შესაძლებელია, ნიშნავდეს სანქციებს. ჩვენ ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობას და არა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

დღეს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოც.