თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობა ფართოვდება: ანკარის ინტერესები პეკინთან

25
spot_img

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობა ფართოვდება: ანკარის ინტერესები პეკინთან“ (ავტორი – პროფესორი მურათ იეშილთაში, ანკარის ანალიტიკური ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების პრობლემების კვლევის დირექტორი), რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია თურქეთის გაზრდილი ინტერესების მიზეზები „ცისქვეშეთის“ მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის ამასწინანდელი ვიზიტი ჩინეთში, ევრაზიის ცვალებად სტრატეგიულ გარემოში, თურქეთის საგარეო პოლიტიკის ევოლუციაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან დისკუსიებს და პოტენციურ გავლენას საგარეო პოლიტიკაზე, რადგან თურქეთი მიზნად ისახავს დააბალანსოს თავისი სტრატეგიული პარტნიორობა.

ვიზიტის ფარგლებში ჰაქან ფიდანმა გამართა ყოვლისმომცველი შეხვედრები ჩინელ კოლეგებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. თურქეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის მთავარი ასპექტია ორი ქვეყნის პრაგმატული საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. თურქეთი მუდმივად იცავდა ერთი ჩინეთის პრინციპს და ხაზს უსვამდა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას. ანალოგიურად, ჩინეთი ანკარასთან დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უკიდურესად პრაგმატული პერსპექტივიდან უდგება.

თურქეთის ჩართულობა ჩინეთთან არის უფრო ფართო სტრატეგიული ხედვის ნაწილი, რომელსაც ხშირად უწოდებენ თურქეთის „ისევ აზიის“ ინიციატივას. ამ პოლიტიკის ცვლილება განპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით. პირველ რიგში, ეს ასახავს გლობალურ პოლიტიკაში თურქეთის გეოსტრატეგიული პოზიციის ისევ დაკავების სურვილს. გლობალური ძალაუფლების დინამიკის აზიაში გადასვლასთან ერთად, თურქეთი მიზნად ისახავს პოზიციონირდეს როგორც სტრატეგიული მოთამაშე ამ ახლად ჩამოყალიბებულ გეოგრაფიაში. ჩინეთთან კავშირების გაძლიერება ამ რეორიენტაციის ბუნებრივი გაგრძელებაა და საშუალებას აძლევს თურქეთს ისარგებლოს თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. ეს ახალი პოლიტიკური ორიენტაცია ასევე მიუთითებს თურქეთის ავტონომიის სწრაფვაზე საერთაშორისო პოლიტიკაში და ახალ ტენდენციაზე მის დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ცხადია, რომ თურქეთი აზიის აღმასვლას აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს მისი საგარეო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური სტრატეგიის გადაფასებაში.

ჩინეთის მიმართ თურქეთის ხედვის მეორე მამოძრავებელი ფაქტორი სავაჭრო სახელმწიფოზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის მიდგომის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკაა. თურქეთი, რომელიც აღმოჩნდა ეკონომიკური არასტაბილურობისა და მდგრადი ზრდის საჭიროების წინაშე, ცდილობს თავისი ეკონომიკური პარტნიორობის გამრავალფეროვნებას. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან, ჩინეთთან ურთიერთობის დამყარება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს.

მესამე მამოძრავებელი ფაქტორი არის თურქეთის მიზანი, გაზარდოს თავისი რეგიონული გავლენა. თურქეთის პროაქტიული ჩართულობა ჩინეთთან არის სტრატეგიული ნაბიჯი ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მისი გავლენის გასაზრდელად. თურქეთს შეუძლია ჩინეთის ინიციატივასთან „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ (BRI) შეთანხმებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონულ კავშირსა და ეკონომიკურ განვითარებაში და გააძლიეროს მისი გეოპოლიტიკური რეპუტაცია. გარდა ამისა, დიპლომატიური დაბალანსების მოძრაობა, რომელიც წარმოადგენს თურქეთის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს, აყალიბებს მის ხედვას ჩინეთისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ. მზარდი მულტიპოლარული სამყაროს პირობებში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა ცდილობს დააბალანსოს ტრადიციული დასავლური ალიანსები აზიაში ახალი პარტნიორობებით. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს თურქეთს იმოძრაოს კომპლექსურ საერთაშორისო ურთიერთობებში და ამავე დროს განახორციელოს თავისი ეროვნული ინტერესები და რეგიონული სტრატეგიები.

ჰაქან ფიდანის სამდღიანი ვიზიტისას ბევრი ძირითადი სტრატეგიული საკითხი წამოიჭრა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდა. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე, სავაჭრო ბარიერების შემცირებაზე და ერთობლივი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლაზე, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სექტორებში. თუმცა, ბოლო წლებში შეინიშნება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების შენელება. თურქეთის მთავარი მიზანია ამ შენელების მოგვარება, შენელებული პროექტების დაჩქარება და შეფერხებების გამომწვევი დაბრკოლებების იდენტიფიცირება. ანკარა ასევე ორიენტირებულია წაახალისოს ჩინეთი მეტი თურქული პროდუქციის იმპორტისკენ და გაზარდოს ჩინური ინვესტიციები თურქეთში  და სავაჭრო დისბალანსის შემცირებაზე, რომელიც ამჟამად ჩინეთის სასარგებლოდაა.

ვიზიტის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ამჟამინდელი გლობალური დაძაბულობისა და რეგიონული კონფლიქტების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. დიალოგის დროს განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიები, რეგიონული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრა და სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესება. შეხვედრის მთავარი თემა იყო ისრაელის ომი ღაზაში და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. თურქეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ პალესტინის საკითხის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტას და თურქეთის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ ჩინეთთან შედარებით უფრო რადიკალურია.

ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ სტრატეგიული სარგებელი აქვს ორივე ქვეყნისთვის. ჩინეთი უყურებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, როგორც მისი გლობალური გეოეკონომიკური ბერკეტის გაზრდის საშუალებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციაში, თურქეთი კი უყურებს პროექტს, როგორც ეკონომიკური მოგების შესაძლებლობას და გლობალურ კონკურენციაში თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის ცვლილების საშუალებას. თურქეთის სტრატეგიული პოზიცია, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ხდის მას მთავარ მოთამაშედ ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. ფიდანმა და ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე ისაუბრეს თურქეთის შემდგომი ინტეგრაციის გზებზე აღნიშნულ ინიციატივაში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაზრდას.

ვიზიტის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი იყო თურქეთის სურვილი, გახდეს BRICS-ის წევრი, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ პოლიტიკაში. მაშინ როცა საერთაშორისო სისტემა მულტიპოლარული სამყაროსკენ გადადის, BRICS-ი სთავაზობს ალტერნატიულ მსოფლმხედველობას ქვეყნების, რომლებიც ეძებენ დაბალანსებულ ურთიერთობებს დასავლური ალიანსების მიღმა. თურქეთის ინტერესი BRICS-ის მიმართ გამოხატავს მნიშვნელოვან ცვლილებას მის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკაში. ვიზიტის დროს ფიდანმა განაცხადა, რომ BRICS-მა შეიძლება შესთავაზოს თურქეთს ევროკავშირის „კარგი ალტერნატივა“, რათა გაზარდოს მისი ეკონომიკური მოლოდინები. ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირთან საბაჟო კავშირში დარჩენასთან ერთად იკვლევს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა BRICS-ი. მასში გაწევრიანება პოტენციურად ახალ განზომილებებსა და დისკუსიებს მოუტანს თურქეთის საგარეო პოლიტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩინეთთან ურთიერთობაში პრაგმატულ მიდგომას ავლენს, უიღურთა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს. ვიზიტის დროს ფიდანმა მოუწოდა ჩინეთის ხელისუფლებას, დაიცვან უმცირესობაში მყოფი მუსლიმი უიღურების კულტურული უფლებები და უფლება მისცენ მათ „საკუთარი ღირებულებებით იცხოვრონ“. თურქეთი ძალიან ფრთხილად საუბრობს სინძიანის პროვინციაში არსებულ სიტუაციაზე, როგორც შიდა პოლიტიკური დინამიკის, ასევე ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით.

შედეგად, ჰაქან ფიდანის ჩინეთში ვიზიტს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური შედეგები. თურქეთის ჩართულობა ჩინეთთან ასახავს სტრატეგიული დაბალანსების ქმედებას გლობალურ პოლიტიკაში. როგორც ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თურქეთის მჭიდრო კავშირები ჩინეთთან ცხადყოფს მის მრავალმხრივ საგარეო პოლიტიკურ მიდგომას. ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, თურქეთის სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციისთვის, ტრადიციული დასავლურ ბაზრებზე დამოკიდებულების და ეკონომიკური რისკების შესამცირებლად სტრატეგიული ნაბიჯია. გარდა ამისა, თურქეთს აქვს პოტენციალი გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ჩინეთთან კავშირების გაღრმავების გზით. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობამ შეიძლება გააძლიეროს თურქეთის, როგორც რეგიონული ძალის როლი. 

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ