რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტს” ასლან ბჟანიას და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა.
როგორც ekhokavkaza წერს, ლავროვმა მარიონეტებს მოსკოვის მიერ, “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 და ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების” 30 წლისთავი მიულოცა – “ჩვენ გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა”, – დაპირდა ლავროვი ბჟანიას.
ასევე ლავროვმა მადლობა გადაუხადა ბჟანიას უკრაინაში შეჭრილი რუსი სამხედროების “რეგულარული ჰუმანიტარული დახმარებისთვის”.
ბჟანიამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ურთიერთობები აფხაზეთსა და რუსეთს შორის “დინამიურად ვითარდება”. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სოხუმის აეროპორტის “აღდგენის საინვესტიციო პროექტის” განსახორციელებლად, ახლახან გაფორმებული “შეთანხმებისთვის”.
ბჟანიას ხვალ სოჭში, პუტინიც შეხვდება.