“ჩვენ დღეს ვუყრით საფუძველს, რათა გაიზარდოს თაობა, რომელიც ენერგეტიკაში ღირსეულად დასაქმდება” – რომეო მიქაუტაძე

99
spot_img

ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების უფლებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი შინაარსის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების რექტორებმა მოაწერეს. ხელმოწერას ასევე განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აგრეთვე იმ ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან.

„ენერგეტიკის დარგში ბევრი სიახლე ხდება – გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა, სხვადასხვა სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ჩვენ დღეს ვუყრით საფუძველს, რათა თაობა გაიზარდოს, რომელიც ენერგეტიკაში ღირსეულად დასაქმდება”,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

„ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, უკვე სწავლის პერიოდში, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ, ხოლო უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის დარგში მოვიდნენ როგორც უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე პროფესიონალები”,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

„აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს რა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამაში და უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან ეთანამშრომლათ, განსაზღვრეს სტაჟირების მიმართულებები- შედეგად, ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებებსაც მოიცავს ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.