ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა

57
spot_img

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა.

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გამოსცა, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ევაკუაციის განკარგულება დაბომბვას.

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსები აცხადებენ, რომ ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, მათი თქმით, ამგვარი ქმედება ემუქრება მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე და ზრდის დაძაბულობას.