ბაღდადში აშშ-ის ავიაიერიშს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა

45
spot_img

აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.

პენტაგონის ინფორმაციით, ალ- ჯავარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ თაკვა, რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

პენტაგონის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ კიდევ ერთი წევრი დაიღუპა.

„არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. არანაირი ინფრასტრუქტურა და ობიექტი არ დაზიანებულა“, – აღნიშნა რაიდერმა.

აშშ-ის მიერ გუშინ ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიში ერაყის მთავრობაში საშიშ ესკალაციად და აგრესიად შეაფასეს.