ჩემთვის გასაგებია, რატომ ჩამოვარდა ახლა სიებზე ლაპარაკი, საპარლამენტო წარმომადგენლობა, ფაქტობრივად, უმოქმედოა -ბაჩო დოლიძე

86
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო სიებზე საუბარი მისთვის ბუნებრივია იმ მოცემულობაში, როცა საპარლამენტო წარმომადგენლობა, ფაქტობრივად, უმოქმედოა და საჭიროა ახალი ადამიანები, რომლებიც ბრძოლაში ჩართული იქნებიან.

დოლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც დაასრულებენ თანამოაზრეებთან შეხვედრებს, რომლებიც დაწყებული აქვთ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ აპირებენ ბრძოლას 2024 წლის არჩევნებისთვის.

„ჩემთვის გასაგებია, რატომ ჩამოვარდა ახლა სიებზე ლაპარაკი. ყველა ხედავს, სამწუხაროდ, საპარლამენტო წარმომადგენლობა როგორ გამოირჩევა – ფაქტობრივად, უმოქმედოა და როცა პარლამენტში ვერ ქმნი პოლიტიკურ ამინდს, გეშინია დარბაზში შესვლის, რომ ელემენტარულად პასუხი გასცე იმ უმსგავსობას, რასაც კადრულობს მმართველი გუნდი შენი თანაგუნდელების მიმართ, ამას სჭირდება ახალი სისხლი და ისეთი ადამიანები, რომლებიც ბრძოლაში ჩართულები იქნებიან. ეს ძალიან ბუნებრივია. ამ განცხადების შემდეგ ზოგ-ზოგიერთებს სახე ჩამოსტირით, მაგრამ იმასაც ცდილობენ, არ შეიმჩნიონ. დიდი ალბათობით, ეს აქტუალური საკითხი იქნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. იცით, რომ ვხვდებით საზოგადოებას, თანამოაზრეებს. ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ პროცესში, არის ის, რომ ვახერხებთ იმ ადამიანების უკან დაბრუნებას ბრძოლაში, რომლებსაც უარი უთხრა საკუთარმა პარტიამ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ. შესაბამისად, ამ შეხვედრებით ხდება ჩვენი თანამებრძოლების ბრძოლის ხაზზე დაბრუნება. ასე რომ, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ამას ვერავინ შეცვლის.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან არასდროს ადგილი არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის არც სახელის და არც განცხადებების გამოყენებას, სპეკულირებას. არასოდეს გაგვიკეთებია ეს და არც ახლა ვაპირებთ. ამ შემთხვევაში სხვა 24 საათი ამ პოსტის ფრიალით იქნებოდა დაკავებული. სულ სხვა მოტივაცია გვაქვს ჩვენ, სამწუხაროდ, განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რომელიც აქვს ახალ მენეჯმენტს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ძალიან კარგია ის შეხვედრები, რომლებსაც ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება კახეთში. საბოლოო ჯამში, როდესაც მორჩება ეს შეხვედრები და ყველა ჩვენი თანამოაზრის პოზიციას გავიგებთ, ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვაპირებთ ბრძოლას 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.