“ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან განზე” – ზელენსკი

13
spot_img

კიევის ოლქის რუსული ძალებისგან გათავისუფლების ორი წლისთავი უკრაინის პრეზიდენტმა ბუჩაში აღნიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპაციის დროს მოკლული უკრაინელების ხსოვნის პატივსაცემად, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან, მემორიალურ დაფასთან სანთელი დაანთო. მასზე 509 მოქალაქის სახელია, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა. წუთიერი დუმილის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქის ქალაქებში ბუჩასა და ირპინში მებრძოლი სამხედროები დააჯილდოვა, სიტყვით გამოსვლისას კი აღნიშნა, რომ ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების ცხედრები იყო იმის მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ არ უნდა გადგეს განზე ამ ბრძოლისგან.

„ამ ომს აქვს გლობალური მნიშვნელობა. ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან განზე, რადგან სწორედ აქ, უკრაინაში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენის სახელმწიფოს დაცვით, ადამიანობა იმარჯვებს. იმისთვის, რომ სხვების წინააღმდეგ ასეთი აგრესია დაეწყო, რუსეთმა ჯერ გაანადგურა საკუთარ თავში მორალი, ძალადობა და სიძულვილი კი თავის იდეოლოგიად აქცია. ასეთი სისტემები თავისით არ ჩერდება. მათ ძალა და ერთიანობა აჩერებთ, აჩერებთ სიმტკიცე და იმის გაცნობიერება, რომ მისი განადგურება სურთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.